ეკა ბესელია: პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის იქნება სწორად გადაცემული და ახსნილი ეს სიტუაცია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტსა და პროკურატურას შორის არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა. ბესელია აცხადებს, რომ პრობლემა უკვე მოხსნილია და არანაიარი დაბრკოლება არ არსებობს. “პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის იქნება სწორად გადაცემული და ახსნილი ეს სიტუაცია. ვიცი, რომ პროკურატურასა და მას შორის ამ საქმეზე კომუნიკაცია უკვე არსებობს”, – აცხადებს ბესელია. მისივე შეფასებით, პროკურატურა კანონის დაცვით მოქმედებს. “პროკურატურა მოქმედებს კანონის ყველა ნორმის დაცვით და იმ სახელმწიფო საიდუმლობებზე, რომელზეც “საიდუმლო” გრიფის მოხსნა კანონით შესაძლებელია, გრიფი მოიხსნება, ხოლო ნამდვილად საიდუმლო ინფორმაციაზე გრიფს არავინ მოხსნის. რაც შეეხება პრეზიდენტს, მას აქვს კანონით გათვალისწინებული უფლებები და საჭიროების შემთხვევაში ეს უნდა გამოიყენოს”, – განაცხადა ბესელიამ
ეკა ბესელიას განცხადებით, იმ მასალებში, რომელზეც გრიფი “საიდუმლოს” მოხსნას პროკურატურა აპირებს, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უამრავი დარღვევაა.
“ეს მასალები ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უკანონო ხარჯებს სააკაშვილის პირადი კომფორტისთვის. ეს არის მისი პირადი მზარეული, გართობა და ა.შ. ამ საქმეებს გრიფი არც უნდა ჰქონოდა, თუმცა წინა ხელისუფლება თავის დანაშაულს მალავდა, რაც სააშკარაოზე უნდა გამოვიდეს”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, „რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. მარგველაშვილის განცხადებას პროკურატურასა და შსს-ში უპასუხეს, სადაც განმარტავენ, რომ პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა.