სოზარ სუბარი: პროკურატურამ ყველაფერი ნათლად განმარტა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სდსს-ს ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ მასალებზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხნის ფაქტს აფასებს. როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, „პროკურატურამ ყველაფერი ნათლად განმარტა“. „მე გუშინ მოვისმინე პროკურატურის განცხადება, სადაც ყველაფერი ნათლად იყო განმარტებული და მეტს ვერაფერს დავამატებ“, – განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, „რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა. და ბოლოს, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პროკურატურის მიერ ნახსენებ დოკუმენტაციას უკვე მოეხსნა გრიფი “საიდუმლო“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარგველაშვილის განცხადებას პროკურატურასა და შსს-ში უპასუხეს, სადაც განმარტავენ, რომ პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა.