გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა „რეფერალური მომსახურების პროგრამიდან“ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ გადავიდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბენეფიციარებს ამ სერვისის მიღება უფრო სწრაფად და მარტივად შეუძლიათ.
ადამიამ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
„მოგახსენებთ იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ განხორციელდა. პირველი, ესაა გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა, რომელიც „რეფერალური მომსახურების პროგრამიდან“ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ გადმოვიდა. ბენეფიციარებს ამ სერვისის მიღება უფრო სწრაფად და მარტივად შეუძლიათ. გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა ძალიან ძვირადღირებულია, მოიცავს კათეტერიზაციის ოპერაციებს, ასევე, უშუალოდ ქირურგიულ მკურნალობას. კათეტერიზაციის ფასი 2 000-დან 10 000 ლარამდე, ქირურგიული მკურნალობის კი 7 000-დან 50 000 ლარამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპერაციები 18 წლამდე ასაკის მოსახლეობას, ასაკით პენსიონერ ვეტერანებს, შშმ პირებს, სრულად, 100 %-ით უფინანსდებათ, საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობას 90 %-ით, დანარჩენ ბენეფიციარებს კი 70 %-ით. მნიშვნელოვანია, გავაჟღეროთ მესიჯი, რომ ნებისმიერი მოქალაქე ნებისმიერი სხვა გადასახადისგან თავისუფალია, მხოლოდ თანადაფინანსების კონკრეტულ წილს იხდის, რაც კონკრეტული ტარიფის ფარგლებშია შემოსაზღვრული. აღნიშნულის „საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში“ გადმოტანა მოსახლეობისთვის ამ სერვისს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის, კომისიური განხილვები საჭირო არ იქნება. რეალურად, ეს მექანიზმი უფრო გამარტივდება. „რეფერალური მომსახურების პროგრამა“ ინდივიდუალური, კონკრეტული შემთხვევების განმხილველი კომისიის კომპონენტის შემცველი პროგრამაა. ამ პროგრამის და კომისიის ფარგლებში, კონკრეტულ შემთხვევებზე სამინისტროში შესული განცხადებები განიხილება. ამ შემთხვევების დაფინანსება კომისიის გადაწყვეტილებით ხდება. კონკრეტული პაციენტი კომისიის გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდა. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ ფარგლებში კი საჭიროების დადგომისთანავე კლინიკა განაცხადს აკეთებს და კონკრეტული ოპერაციის ჩატარებაზე დასტურს მალევე იღებს. წლის განმავლობაში „რეფერალური მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში 700-მდე ასეთი ოპერაცია ფინანსდებოდა და დაახლოებით 9 მილიონამდე ლარი იხარჯებოდა. ცვლილება ივნისში განხორციელდა და უკვე 125-ზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული, „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან“ თითქმის 2 მილიონამდე ლარია დახარჯული“, – განაცხადა ეკა ადამიამ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ კონკრეტულ ჩარევებზე გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარებისთვის გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა.
„მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ასევე „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, არის ის, რომ კონკრეტულ ჩარევებზე გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარებისთვის გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. კერძოდ, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის დაფინანსება, რომელიც გათვალისწინებული იყო სრულად მიზნობრივი და ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის, ივნისიდან ხელმისაწვდომი გახდა სხვა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც აქამდე შეზღუდვაში იყო და სერვისით ვერ სარგებლობდა. მინისტრის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა მოიხსნა და ეს ძვირადღირებული, იმპლანტირებადი ხელსაწყო, რომელიც სახელმწიფოს მიერ შეისყიდება, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება დაუდგება, სრულიად უფასოდ გადაეცემა. ასევე მოიხსნა შეზღუდვა აბლაციაზე, რომელიც „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ ფარგლებში საგამონაკლისო პირობებში იყო გათვალისწინებული. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავიანთ ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსებით ეს ოპერაცია ჩაიტარონ“, – განაცხადა ადამიამ.
თამუნა შეყილაძე