“სამხრეთ კავკასიაში ახალი ომი დაუშვებელია” – ირანის პრეზიდენტი

სამხრეთ კავკასიაში ახალი ომი მიუღებელია, ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, – წერს სომხური მედია.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანმა რაისს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების შესახებ, სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ”.

აღნიშნულია, რომ ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ რეგიონში ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს და ირანი მკაფიო პოზიციას იკავებს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

რაისიმ გაიხსენა ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის განცხადება, რომლის მიხედვითაც ირანსა და სომხეთს შორის არსებულ გზას საფრთხე არ უნდა შეექმნას და კომუნიკაციები იმ სახელმწიფოების იურისდიქციაში უნდა იყოს, რომლებზეც ისინი გადიან.

ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თეირანი მზადაა, დაეხმაროს რეგიონში მშვიდობის დამყარებას და დასძინა, რომ სომხეთის უსაფრთხოების საკითხი ირანისთვის მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები