ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლასთან დაკავშირებით რუსეთს, კუხო-ს და გაერო-ს მიმართა
სომხეთის მთავრობამ, გვიან ღამით აზერბაიჯანთან საზღვარზე ორმხრივი სროლის გამო, რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა.
ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
შეხვედრას უშიშროების საბჭოს წევრების გარდა პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანიც ესწრებოდნენ.
გვიან ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლა მოხდა, რის პროვოცირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარის და ლაჩას მიმართულებით მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს.
თავის მხრივ, სომხური მხარე თავდასხმაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეტაკებები სომხეთის საზღვართან – ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმართულებით მიმდინარეობს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ღამის 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით არტილერიიდან და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა გახსნაგორისის, სოტკისა და ჯერმუკის, ვარდენისის მიმართულებით.