დეპუტატებმა „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელეს

კულტურის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტსა და გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შედეგად, სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში. კანონპროექტის მიღება, ასევე, ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ შემუშავებული ცვლილებებით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება 2014/24/EU, 89/665/EEC და 2009/81/EC დირექტივებით გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტები.

„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ” შეთანხმების თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმების დანართში მოცემულია საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივებისა და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთა დაახლოების ვალდებულება ეკისრება საქართველოს”, -განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს განხილული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები