„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა უსაფრთხოების და მობილობის გასაუმჯობესებლად მთავარი გასაღები იქნება“ – ირაკლი იზორია
„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა უსაფრთხოების და მობილობის გასაუმჯობესებლად მთავარი გასაღები იქნება“, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იზორია ახალ სატრანსპორტო პროექტს გამოეხმაურა, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.
„იცით, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ახალი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემოღება იწყება, რაც იმას ემსახურება, რომ მეტად უსაფრთხო გარემო შეიქმნას, ასევე, ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება განვითარდეს. არის კიდევ ერთი საკითხი, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების უსაფრთხო, სწრაფ გადაადგილებას გულისხმობს. ჭკვიანი პლატფორმა პროგრამირების ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, შუქნიშნები და ყველა თანამედროვე ტექნოლოგია სენსორულად დამონტაჟდება ქუჩებში, სიჩქარის მართვა მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება. ეს, რა თქმა უნდა, საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს. პლატფორმას უნარი აქვს, მონაცემები შეაგროვოს, ის კვანძები გამოავლინოს, რომლებიც პრობლემურია, შემდგომში კი ამ კვანძებზე სატრანსპორტო ნაკადები განტვირთოს.
ასევე, შესაძლებელია, ამ ტექნოლოგიებს ჰაერის ხარისხის მზომი სენსორები მიებას, რომლებიც დაადგენენ, თუ რომელ შუქნიშანთან, რომელ კვანძთანაა გადაჭარბებული გამონაბოლქვი, რათა კვანძის სწრაფად გასატარებლად ჩარევა მოხდეს.
მოგეხსენებათ, პროექტი 4-წლიანია და, დაახლოებით, 47 მილიონი ევრო ჯდება. მნიშვნელოვანი ეტაპია არა მარტო ჭკვიანი სისტემის განვითარება, არამედ – თბილისში მთლიანი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ესაა საავტობუსე ზოლების, იმ 10 დერეფნის შეკავშირება, რომელიც დაწყებულია და, ალბათ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დასრულდება. მასზეა მიბმული ტაქსის, პარკირების რეფორმის დასრულება. საპარკინგე სისტემა ბოლომდე არაა დახვეწილი, ვიცით, რომ აპლიკაცია გარკვეულ პრობლემურ ელემენტებს შეიცავდა და ხარვეზები ჰქონდა. თუმცა, როგორც ინფორმაცია გვაქვს, მისი გამოსწორება მიმდინარეობს. ეს ჭკვიანი სისტემები „112-თან“ იქნება დაკავშირებული და დედაქალაქში ინტეგრირებული მართვა მოხდება. ვფიქრობ, რომ ეს სისტემა უსაფრთხოების და მობილობის გასაუმჯობესებლად ე.წ. მთავარი გასაღები იქნება. კარგი იქნება, ჭკვიანი სისტემების პლატფორმები სხვა დიდ ქალაქებშიც დაინერგოს“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.
ცნობისთვის, ახალი სატრანსპორტო პროექტის შესახებ, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
„თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით.
„პროექტის ფარგლებში, მოხდება როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ. ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თამუნა შეყილაძე