რას გულისხმობს და როგორ მუშაობს ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომლის დანერგვაც თბილისის ქუჩებში იგეგმება – ეკა ლალიაშვილის განმარტება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა საცობების შემცირებას, სიჩქარის გადაჭარბების თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების კონტროლს, საგზაო მოძრაობისა და პარკირების მართვას უზრუნველყოფს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლალიაშვილი ახალ სატრანსპორტო პროექტს გამოეხმაურა, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.

„მინდა, დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვის საკითხს გამოვეხმაურო. ამ სისტემის დანერგვა მისასალმებელია. ჭკვიანი სისტემა ევროპულ ქალაქებში ათწლეულების განმავლობაში მუშაობს, სატრანსპორტო ნაკადებს არეგულირებს და ერთდროულად ბევრ კეთილ საქმეს ემსახურება. ვფიქრობ, თბილისშიც დადგა დრო, ამ ტიპის ჭკვიანი სისტემები დაინერგოს. რას გულისხმობს ეს სისტემა – სენსორების მეშვეობით იქნება ეს, კამერების, რადარების თუ შუქნიშნების, მთლიანი ქალაქის კონტროლი და მართვა ხდება შესაძლებელი. მართვა ხდება იმ კუთხით, რომ სატრანსპორტო ნაკადების, რომელიც დღეს, შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად უმართავია, აბსოლუტური მართვა იქნება შესაძლებელი. სადაც არის მოჭარბებული ავტომობილები და გამტარუნარიანობა შეზღუდულია, ჭკვიანი სისტემის მეშვეობით მათი განეიტრალება მოხდება. რასაკვირველია, ეს იმასაც გულისხმობს, რომ შუქნიშნები რეალურ დროსა და ლოკაციებზე ისე იმუშავებს, რომ საცობები მაქსიმალურად შემცირდეს. გარდა საცობების შემცირებისა და განეიტრალებისა, ჭკვიანი სისტემები სიჩქარის გადაჭარბების, თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების კონტროლსაც ემსახურება. ეს ერთმანეთთან იქნება ინტეგრირებული. კამერები არათუ ცალ-ცალკე იმუშავებს, არამედ სისტემა ერთმანეთთან შეკავშირებული იქნება“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდეს. როგორც ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მუშაობით უკეთეს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც მივიღებთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვის პარალელურად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც განვითარდეს, რათა ავტომობილების რაოდენობა მეტ-ნაკლებად დაბალანსდეს. ვერ წარმომიდგენია, ავტომობილების რაოდენობა მუდმივად გაიზარდოს და რომელიმე ჭკვიანი სისტემა ამას მოერიოს, თუ პარალელურ რეჟიმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება, რომელიც მოქალაქეებს, მძღოლებს, ავტომობილებიდან გადმოსხდომის საშუალებას მისცემს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ორი სისტემა პარალელურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. რაც შეეხება პარკირების სისტემას – ჭკვიანი სისტემა გვაძლევს საშუალებას, ბევრი არ ვიაროთ და აპლიკაციაში ვნახოთ, სადაა თავისუფალი საპარკინგე ადგილები. ეს, საბოლოოდ, იქამდე მიგვიყვანს, რომ იქნება ნაკლები საცობი, ასევე, მეტი კომფორტული, შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნებიან კანონმორჩილი მძღოლები, რადგან განცდა ექნებათ, რომ მათი თითოეული დარღვევა კონტროლდება.
რასაკვირველია, ამ ყველაფერთან ერთად, უკეთეს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც მივიღებთ. ჭკვიანი სისტემის მეშვეობით შეიძლება, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჰაერის ხარისხი და გამონაბოლქვი გაკონტროლდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ამ სისტემის დანერგვის შემდეგ ბევრი შესაძლებლობა გვექნება, საგზაო მოძრაობა ვმართოთ და ჩვენს დედაქალაქში პოზიტიური ცვლილებები განვახორციელოთ“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი სატრანსპორტო პროექტის შესახებ, რომელიც თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

„თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით.

„პროექტის ფარგლებში, მოხდება როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ. ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები