უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას არ გეგმავს.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია იყო უკრაინის ტერიტორიებში შეჭრა, დისკუსიებითა და შეთანხმებებით დროის მოგება, ძალების მოკრეფა და ახალი იერიშების დაწყება.
უკრაინის ლიდერის თქმით, ამჟამად, უკრაინის მთავარი მიზანი ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაა.
„ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გვიბიძგებს მინსკის პროცესის მიმართულებით. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ერთია დიპლომატიური გადაწყვეტა და მეორე – მინსკი 2, 3, 5, 10. ეს სხვადასხვა რამეა, რადგან მინსკი ცარიელი ქაღალდია, რომელიც რუსეთს მომავალ შემოჭრამდე დასვენების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულ დიალოგში შესვლის სურვილს ვერ ხედავს.
“დღესდღეობით არ არის. მე ვერ ვხედავ მათი მხრიდან კონსტრუქციულობის სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს – ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები – პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს არის ჩემი პრინციპი: მე არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.