სტოლტენბერგი: რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების 80%-ზე მეტი ჩართო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ომში თავისი სახმელეთო ძალების 80% ჩართო.

ამის შესახებ მან ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”უკრაინის ომში რუსეთის სახმელეთო ჯარების 80%-ზე მეტია ჩართული. რაც იქ ხდება, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, თუ რამდენად აქვს შესაძლებლობა რუსეთს, შეუქმნას საფრთხე ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანას. ჩემი პირველი გზავნილი ალიანსის წევრებთან არის ის, რომ მივესალმებით უპრეცედენტო მხარდაჭერას, მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ და მოვუწოდებთ მათ, გამოიკვლიონ საკუთარი მარაგები, რომ გააგრძელონ უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მას დაუყოვნებლივ ესაჭიროება”, – თქვა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის,  ამიტომ, ნატო კონტაქტშია წევრი ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიულ კომპლექსებთან.

„ნატო-ში თავდაცვის დაგეგმვის, შესაძლებლობების კუთხით სტრუქტურები ჩამოვაყალიბეთ, ვაძლიერებთ წარმოებას, ვავსებთ მარაგებს, რომ გვქონდეს შესაძლებლობა უკრაინის მხარდაჭერისა. მაგრამ ეს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა –  ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ გვქონდეს იარაღი, საბრძოლო მასალა, შეკავებისა და თავდაცვის ჩვენი საშუალებები“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ, რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები