იალოვიცი: ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება ძალიან საშიში პრეცედენტია

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის კენეთ სპენსერ იალოვიცის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ძალიან საშიში პრეცედენტია. ამის შესახებ დიპლომატი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს.
“საქართველოს სასამართლო სისტემამ დადგენილი პროცედურები უნდა გაიაროს და ამ პროცესს ყველამ პატივი უნდა სცეს. ამავდროულად, სისტემა ჯერ ისევ გამოცდას გადის. წარსულში ის არ იყო დამოუკიდებელი და იყო უკიდურესად პოლიტიზებული. ამის გამო არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, სასამართლო პროცესების წარმართვის საუკეთესო გზა იქნება, დაწესდეს გარკვეული სახის მონიტორინგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უცხოეთი სასამართლო პროცესის სამართლიანობაში დარწმუნდეს.
მოგეხსენებათ, ამერიკაში რამდენიმე სენატორმა გამოთქვა აზრი, რომ აუცილებელია, პროცესი თავისუფალი, გამჭვირვალე და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან თავისუფალი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ხალხს ახსოვს “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის განცხადება საარჩევნო კამპანიისას და არჩევნების შემდეგ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათი მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებაა. ეს განცხადებები ჯერ არ არის დავიწყებული. ვფიქრობ, საქართველო მუდმივად რაღაც გამოცდის წინაშე დგას. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ქვეყნაში წარმატებით ჩატარდა, მაგრამ ახლა სამართლებრივი სისტემის გამოცდის დრო დადგა”, – აცხადებს იალოვიცი.
მისივე თქმით, იგი საქართველოსთან მიმართებაში ოპტიმისტურად არის განწყობილი. “საქართველოზე საუბრისას ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს, ეს გამოცდაც წარმატებით ჩაივლის… უდავოა, რომ 7 ნოემბრის მოვლენები უნდა შეფასდეს, მაგრამ ამერიკაში და დასავლეთში გვაწუხებს ის, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება იწყება. ეს დასავლეთში ძალიან ცუდად ჟღერს. სასამართლო პროცესებისას, დასავლეთის მოთხოვნა მათი აბსოლუტური გამჭვირვალობა და სამართლიანობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესები საქართველოს დიდ ზიანს მოუტანს. ზიანი სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის პროცესი – იქნება ის ანგაჟირებული და დახურული და გაყალბდება სამხილები, თუ პირიქით – ბრალდებისა და დაცვის მხარეს თანაბრად მიეცემა სამხილების წარდგენისა და საკუთარი პოზიციის დაცვის საშუალება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩაივლის პროცესი, ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი ქმედებებისთვის ძალიან საშიში პრეცედენტია”, – განმარტავს ამერიკელი დიპოლომატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები