“კონტრშეტევა გრძელდება და ის ეფექტურია, წარმატების მიზეზი არის ის, რომ ეს თქვენი სამშობლოა და არა – რუსეთის, ეს თქვენი მიწაა“ – ბლინკენი ზელენსკის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტად მყოფ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრა გამართა.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ეს მისი მესამე ვიზიტია, იმ შეხვედრის ჩათვლით, რომელიც საზღვართან გაიმართა.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვიცით, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია. ექვს თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესია. ახლა თქვენი კონტრშეტევა გრძელდება და ის ეფექტურია და ეს, ძირითადად, უკრაინელების წარმოუდგენელი გამბედაობისა და გამძლეობის დამსახურებაა. ამას ბრძოლის ველზე ყოველდღიურად ვაკვირდებით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას და ასე გავაგრძელებთ, მაგრამ, ჩემი აზრით, წარმატების მიზეზი არის ის, რომ ეს თქვენი სამშობლოა და არა – რუსეთის, ეს თქვენი მიწაა“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

გარდა ადრე გამოცხადებული 675 მილიონი დოლარის დახმარებისა, ბლინკენმა თქვა, რომ აშშ აცნობებს კონგრესს, რომ აპირებს კიდევ ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფას გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, საუბარია ასევე შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერაზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და იმ კომპლექსებსა და სისტემებს, რომლებიც უკრაინას სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა დაიცვას თავი რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესიისგან.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი უკიდურესად ძვირს იხდის ამ აგრესიისთვის და ამის ხაზგასმა აუცილებელია. დიპლომატის თქმით, ეს ფასი სულ უფრო გაიზრდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მშპ 9%-დან 15%-მდე იკლებს წელს და ათასზე მეტი უცხოური კომპანია ტოვებს რუსეთს, ყველაზე ნიჭიერი რუსები ტოვებენ ქვეყანას, მათი იმპორტის მოცულობა მცირდება, ისინი ვერ შეცვლიან იარაღს, რომელსაც იყენებენ. ისინი ვერ აწარმოებენ საქონელს საკუთარი ხალხისთვის ისე, როგორც ელოდნენ და ვერ გამომუშავებას, რაც ექსპორტზე გაჰქონდათ. შედეგად, მათი ბაზრები იკლებს და მათ არ შეუძლიათ ფულის სესხება სუვერენული ვალის კუთხით“, – განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მოსკოვი ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართავს სამხედრო მხარდაჭერისთვის, რადგან უკრაინის მოკავშირეები სისტემატურად ზღუდავენ რუსეთის წვდომას იმპორტზე და გააგრძელებენ ამ ზეწოლას მანამ, სანამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არ შეჩერდება და უკრაინა თავის სუვერენიტეტს არ აღადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები