გიორგი მარგველაშვილი პროკურატურის ქმედების გამო შეშფოთებულია – პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროკურატურის მიერ საჯაროდ გაცხადებულ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა უცვლელად გთავაზობთ:
“გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
და ბოლოს, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პროკურატურის მიერ ნახსენებ დოკუმენტაციას უკვე მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.