CBC: ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი შესაძლოა, ქალი გახდეს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი გენერალური მდივანი შესაძლოა, კანადის ვიცეპრემიერი, ხრისტია ფრილანდი გახდეს. ის თანამდებობაზე კანდიდატებს შორის აქტიურად განიხილება.
ამის შესახებ CBC News წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ სულ მცირე ოთხი სხვადასხვა წყარო ოტავაში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამბობს, რომ ფრილანდის სახელი თვეების განმავლობაში საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების წრეებში განიხილებოდა, როგორც ამჟამინდელი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პოტენციური მემკვიდრე.
“არსებობენ ძალიან კვალიფიციური ქალები, რომლებიც იქნებოდნენ ძალიან კარგი კანდიდატები. როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული იმპულსი, რომ შემდეგი გენერალური მდივანი ქალი გახდეს”, – თქვა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თავად ფრილანდმა კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და თქვა, რომ “მას უკვე აქვს ორი სამსახური” – კანადის ვიცეპრემიერის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობები.
სტოლტენბერგის უფლებამოსილების მიმდინარე თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ნატო-ს ლიდერებმა ვადა 2023 წლამდე გაახანგრძლივეს.
2021 წლის ზაფხულში Politico წერდა, რომ ნატო-ს ქვეყნების სამი ყოფილი პრეზიდენტი ქალი – კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიიდან, დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვიდან და კერსტი კალიულაიდი ესტონეთიდან მთავარ კანდიდატებს შორის არიან.
რაც შეეხება ფრილანდს, ის აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკასა და ისტორიაში კარგად არის გარკვეული. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, უკრაინულ, რუსულ, პოლონურ, ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ენებს. ის უკრაინული წარმოშობის არის – ფრილანდის დედა უკრაინელია.