ყირიმის ქალაქ საკის მახლობლად, რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმის შედეგი იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უმაღლესი რადას დეპუტატთან, მიხეილ ზაბროდსკისთან ერთად, უკრაინულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ზალუჟნი და ზაბროდსკი სტატიაში საუბრობენ რუსეთის ზურგში მდებარე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მნიშვნელობაზე, რათა რუსებმა ეს ომი არ აღიქვან, როგორც რაღაც „შორეული“.
„ამ მიდგომის სისწორის დამაჯერებელი მაგალითია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევა, საომარი მოქმედებების ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიზიკურად გადატანა. საუბარია ყირიმში მდებარე მტრის საჰაერო ბაზებზე სარაკეტო დარტყმების სერიაზე, პირველ რიგში, საკის აეროდრომზე“, – ნათქვამია სტატიაში.