პროკურატურაში გამომძიებელთა და პროკურორთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, გამომძიებელთა და პროკურორთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესცენტრი ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ს საელჩოს, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები.
პროგრამის ფარგლებში, ორი თვის მანძილზე ამერიკელი ექსპერტები ქართველ გამომძიებლებს და პროკურორებს გავრცელებულ დანაშაულთა გამოძიების მეთოდებზე საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
ამასთან, პროგრამა, რომელიც მთლიანად პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული, წარმოადგენს ერთგვარ ტრენინგ-მოდულს, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომელთა შემდგომი გადამზადებისთვის გამოიყენებენ.