“დასავლეთს უკრაინასთან დაკავშირებით პროვოკაციული პოლიტიკა აქვს” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში დაბალანსებული პოლიტიკა აქვს.
მისივე თქმით, ამ საკითხში დასავლეთის მიდგომებს არ ეთანხმება.
ამის შესახებ მან ბელგრადში სერბ კოლეგასთან, ალექსანდრე ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Anadolu.
„თურქეთი იცავს დაბალანსებულ პოლიტიკას უკრაინისა და რუსეთის მიმართ. ანკარა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა. თუმცა, მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ომი მალე არ დასრულდება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება დასავლეთის მიდგომებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„მე ღიად ვაცხადებ, რომ დასავლეთის პოზიცია მცდარია იმიტომ, რომ სახეზეა დასავლეთის ქმედებები, რომლებიც მხარეთა პროვოცირებას ეფუძნება. საუბრობენ სამხედრო დახმარებაზე, მაგრამ, ფაქტობრივად, რამდენი ძველი იარაღი და ჯართია დასავლეთში, იგზავნება უკრაინაში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ სანამ არსებობს საომარი მოქმედებების პროვოცირების პოლიტიკა, სამშვიდობო ინიციატივების ეფექტურობა მინიმალურია.
„შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ მომენტისთვის ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს? არა! ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები, მაგრამ ბევრი დამარცხებულია. უამრავი ადამიანი იღუპება და ფინანსურ მხარეზე საუბარი უადგილოა“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
თურქეთის ლიდერმა მოსკოვის რეაქციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
„რუსეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა და ევროპაში ფასები მკვეთრად გაიზარდა. ევროპის ქვეყნებში ზამთრის სეზონის დაძლევის გზებს ეძებენ. აქამდე რატომ არ ფიქრობდით ამაზე? რუსეთს ხომ ხელში აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტი. სამაგიეროდ, გაზის საცავის მარაგების ანალიზი მიმდინარეობს“, – განაცხადა ერდოღანმა.