მართებულია თუ არა სახელმწიფო დაცვის სამსახურის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნა – იურისტის შეფასება

  „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე, იურისტი არჩილ კაიკაციშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივი გამოყენების საქმის დიდ ნაწილზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას დადებითად აფასებს. როგორც იურისტმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, შეცვლილი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს პირობებში სრულიად გაუგებარი გახდა, რატომ ჰქონდა ამ საქმეს გრიფიდ საიდუმლო მინიჭებული. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივ ნებასთან ერთად გამოჩენილ იქნა პოლიტიკური ნებაც და აღნიშნულ საქმეზე გრიფით საიდუმლო მოიხსნა.
იურისტი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებით გრიფით საიდულოს ნიშნები უკვე აღარ უნდა არსებობდეს და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი.
„პროკურატურის მიმდინარე მნიშვნელოვანი საგამოძიებო საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამხახურის ხარჯების მიზნობრიობის საკითხის დადგენა. ეს საკითხი ყველაზე მეტად 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში გახდა საყურადღებო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი იწერებოდა და იყო საზოგადოებრივი მოსაზრებები, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური ხარჯებიდან ახდენდნენ ისეთი ვალდებულებების თუ სურვილების დაკმაყოფილებას, რომელიც წესით სახელმწიფო ბიუჯეტს არ უნდა გაეწია. ამ სამსახურის საქმიანობის ფინანსური მიზნობრიობის საკითხით დაინტერესება აბსოლუტურად ლეგიტიმურად მიმაჩნია.
შეცვილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი გარემოს პირობებში სრულიად გაუგებარი გახდა, რატომ ჰქონდა ამ საქმეს გრიფით საიდუმლო მინიჭებული. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივ ნებასთან ერთად გამოჩენილ იქნა პოლიტიკური ნებაც და გრიფით საიდუმლო მოიხსნა. მნიშვნელოვანია, ყველა გარემოება გასაჯაროვდეს და დარწმუნებული ვარ, რომ გრიფით საიდუმლო აღარ ექნება იმ მცირე ნაწილსაც, რომელიც ამ საქმის შემადგენელი ნაწილია. როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების მიზნობრიობის საკითხი დაისვა, მაშინვე გაჩნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მიმაჩნია, რომ უნდა გავითვალისწინოთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი და აღარ უნდა არსებობდეს ისეთი საქმეები, სადაც გრიფით საიდუმლო იქნება დადებული. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ იქნება და არ იქნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობა განსაკუთრებული სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი კატეგორიის შემადგენელი ნაწილი. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი ამ სამსახურის მხრიდან. თუკი თანხები მიზნობრივად არ იხარჯებოდა, საზოგადოებამ, მათ შორის მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა ვიცოდეთ, რაში იხარჯებოდა – ეს იყო სამსახურის ინტერესებიდან, თუ მაღალი თანამდებობის პირების პირადი სურვილებიდან გამომდინარე. ამიტომ მიმაჩნია, ეს უნდა გამოვიდეს სამზეოზე და საქმესთან დაკავშირებით გრიფით საიდუმლოს ნიშნები უკვე აღარ უნდა არსებობდეს. ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სამართლის სპეციალისტებს მისი გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რომ მოვახდინოთ საზოგადოების სწორი ინფორმირება“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
პროკურატურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივი გამოყენების საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თანხმობას ელოდება. როგორც „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს, საქმეზე გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციის დიდ ნაწილს მოეხსნა, ხოლო გასაიდუმლოებული მცირე ნაწილია. საქმეზე გრიფით საიდუმლოს სრულად მოხსნისთვის პროკურატურამ პრეზიდენტს უკვე მიმართა და ახლა პასუხს ელოდება. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებას. საქმე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები