კახა კახიშვილი საიდუმლო მასალებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას მიესალმება

  ექსპერტი კახა კახიშვილი საიდუმლო მასალებზე “გრიფით საიდუმლოს” მოხსნას მიესალმება. როგორც “კვირასთან” საუბრისას ექსპერტმა განმარტა, მოსახლეობას სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ სად გაიხარჯა და რისთვის იხარჯებოდა არამიზნობრივად სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები.
“მე ვფიქრობ, რომ თუ ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება გასაჯაროების, მაშინ უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ეს არ იყო კერძო თანხები. ეს იყო საბიუჯეტო თანხები და ქვეყნის მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რისთვის იხარჯებოდა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეების მიერ გადახდილი საბიუჯეტო თანხები. ეს არ იყო კერძო ფული, ოჯახის ფული, ეს იყო ქვეყნის ბიუჯეტი. მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს სად გადიოდა თანხები, ფონდებიდან და ანგარიშებიდან. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ალბათ პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ამით პრობლემა არ შეექმნება, პრეზიდენტიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განუცხადა “კვირას” კახა კახიშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ საიდუმლო საქმეების ნაწილზე “გრიფით საიდუმლო” მოხსნა. ბადაშვილის უწყება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივი გამოყენების საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თანხმობას ელოდება. როგორც „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს, საქმეზე გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციის დიდ ნაწილს მოეხსნა, ხოლო გასაიდუმლოებული მცირე ნაწილია. საქმეზე გრიფით საიდუმლოს სრულად მოხსნისთვის პროკურატურამ პრეზიდენტს მიმართა, რაზეც პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
„არსებობს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, რომ ეს მასალები არ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებებს და გრიფით საიდუმლო არასწორად ჰქონდა დადებული. ამ ეტაპზე გრიფი რჩება მცირე ნაწილზე, რასთან დაკავშირებითაც გრიფის მოხსნის თხოვნით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებას. საქმე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები