საქართველოში ციფრული კავშირის რეგიონული სამიტი გაიმართება
14 სექტემბერს თბილისში ციფრული კავშირის რეგიონული სამიტი გაიმართება, რომელიც რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას მიეძღვნება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდება.
„ციფრული კავშირის სამიტი რეგიონული მასშტაბისაა და თბილისში მოწვეული გვყავს რეგიონის ქვეყნების წამყვანი ტელეკომ – ოპერატორებისა და პროფილური საჯარო უწყებების წარმომადგენლები. ეს სამიტი პირველია ტელეკომუნიკაციის სექტორში, რომელიც პანდემიის შემდეგ საქართველოში ტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიტის დროს დაგეგმილი მრგვალი მაგიდისა და B2B – ის ფორმატის შეხვედრები დასრულდეს კონკრეტული შედეგებით, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ციფრული კავშირების განვითარების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ თბილისის პლატფორმა იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ რეგიონის ქვეყნების ოპერატორები პერიოდულად შეიკრიბონ და იმსჯელონ თავისი გეგმების, რეგიონში არსებული გამოწვევებისა და მათი ერთობლივი ძალებით გადაჭრის გზებზე,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
მისი თქმით, ღონისძიება იქნება პლატფორმა, სამხრეთ კავკასიიდან და მეზობელი რეგიონებიდან სფეროში დაინტერესებული მხარეების შეკრებისთვის ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის დერეფნების განვითარების პოტენციალის გამოსაკვეთად, რათა განხილული და გამოვლენილი იქნეს შესაძლებლობები და გამოწვევები სამხრეთ კავკასიის რეგიონში უფრო ძლიერი საერთაშორისო ციფრული კავშირის განვითარებისთვის. მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამიტზე კარგად იქნება წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი, როგორც ევროპასა და აზიას შორის რეგიონთაშორისი ციფრული კავშირის ქსელების განვითარების მთავარი კვანძის.
ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისო ინტერნეტ კავშირის გაუმჯობესების გზით, ხაზი გაესმევა ინვესტიციების და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და საქართველოს, როგორც ამ დერეფნების განვითარების ხელისშემწყობი ქვეყნის როლს.