ირაკლი ზარქუა: როდესაც მსოფლიოში ინფლაციის კუთხით მაღალი გამოწვევებია, საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს
„საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ინფლაციის კუთხით ამ დონის გამოწვევებია საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. საქართველოში ინფლაცია 11,5%-ია, მაშინ – როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 21%-ია. ევროზონაში 9 %-ზე მეტია. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთში არის 77%-იანი ინფლაცია. რუსეთსა და უკრაინაზე არაფერს ვამბობ გარკვეული მიზეზების გამო. ამ მოცემულობაში საქართველო ინარჩუნებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც 7 თვის მონაცემებით 10,3%-ია”, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ მყისიერად ვერ ხდება ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებში ამის ასახვა, თუმცა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლის საფუძველზე 50 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა უმწეო ბავშვების დახმარება; 100 მილიონი ლარი რეგიონების განვითარების ფონდში გადაირიცხა. ასევე, სახელმწიფომ ქვედა ზღვარი დააწესა და დახმარება აღუთქვა მევენახეებს. მედიკამენტების ნაწილში 60-80% -ით შემცირდა ფასები, ისევე როგორც ნავთობპროდუქტებთან მიმართებით.
„თქვენ გევალებათ, რასაც პრემიერი ღარიბაშვილი და მთავრობა დააანონსებს, ის მოქალაქეებამდე მიიტანოთ და შეცდომაში არ შეიყვანოთ ისინი”, – მიმართა ოპოზიციას ირაკლი ზარქუამ.