არჩილ თალაკვაძე: “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ოფსაიდშია
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ოფსაიდშია. ცდილობენ, შექმნან და ამომრჩევლებს შესთავაზონ გარკვეული დღის წესრიგი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს ან კრახისთვისაა განწირული, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ხატია დეკანოიძის განცხადება, რომ “ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის საქმიანობა და რუსეთთან კავშირი არის საფრთხე უკრაინისთვის და უკრაინის გამარჯვებისთვის”.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ლოგიკას მოკლებული და საქართველოსთვის დამაზიანებელია.
“ეს განცხადება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის” შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს. ეს გახლავთ საქართველოსთვის დამაზიანებელი, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” სულერთია, რა იქნება საქართველოსთვის სასარგებლო თუ საზიანო. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ხშირად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ინტერესებთან. გვჯერა, რომ საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ განცხადებებსა და საქმიანობას. გაუგებარი და წარმოუდგენელია და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მეტი მანდატი აქვს, არ ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევრორეკომენდაციებს უკავშირდება. ამით ყველაფერი ნათქვამია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.