მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის დიდი ნაწილის დესტრუქციული განწყობები ხელს ვერ შეუშლის საქართველოს, რომ მიაღწიოს წარმატებას 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით

????????????????????????????????????

„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმა ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და ჩვენი გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ხელისუფლება მუშაობდა, ბატონ ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი ინფორმაციით, ათეულობით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, დაწყებულია საკომიტეტო განხილვები. „წინსვლის შესახებ საზოგადოება სრულად ინფორმირებულია. თუმცა, არ შემიძლია, ნეგატიურად არ შევაფასო ოპოზიციის დიდი ნაწილის აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი და გადაწყვეტილება, როდესაც მათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვას ზურგი აქციეს, ვფიქრობ, ამით შეეცადნენ – რამენაირად დაეზიანებინათ პროცესი, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულად გამიზნულია იმისთვის, რომ 12 პუნქტიდან ყველა შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს შემდგომი პროგრესი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი მოსაზრებით, ოპოზიციის ამ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რადაც  უნდა დაუჯდეს, საკუთარი რეპუტაციის გაფლანგვის ფასადაც, გადადგას ნაბიჯი, რამენაირად ხელი შეუშალოს ამ პროცესში წარმატების მიღწევის პერსპექტივებს.

„მათ სასტიკად ეშინიათ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ არ აღიქვას ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წარმატებად. ეს არის მათი გადაწყვეტილება, გავბედავ და დავარქმევ პოლიტიკურ საბოტაჟს, რაც არაერთგან გამოვლენილა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა მათი ეს გადაწყვეტილება, ზურგი ექციათ ამ პროცესისთვის, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში, თუნდაც კრიტიკული მოსაზრებებისგან თავშეკავება, ეს არის უფრო მეტი დანაშაული. ეს არის უპატიებელი შეცდომა მათი მხრიდან. ოპოზიციის ამ ნაწილს მივმართავ – არასდროს გაგიკვირდეთ, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე იქნება კლებადი და კლებადი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოებისა, რადგან ისინი ყოველთვის გრძნობენ, კარგად აფასებენ, ვინ არის ამ ქვეყნის წინსვლის მომხრე და ვინ არის შეფერხების მომხრე, მარტო იმიტომ, რომ ამით ვიწრო პარტიული დივიდენდი დაიწერონ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ისინი ხელს ვერ შეუშლიან საქართველოს პროგრესს.

„მიუხედავად ასეთი დესტრუქციული განწყობებისა, რეალურად, ეს იოტისოდენადაც ხელს ვერ შეუშლის საქართველოს, რომ მიაღწიოს წარმატებას 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები