“საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე. ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმართოს ძალიან ნორმალური პროცესი, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვარდეს ეს 12 რეკომენდაცია. ეს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ევროკავშირს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმითვე, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების გაერთიანება მოხდეს.
„კარგი სამუშაო მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდეს 12 რეკომენდაცია, ახლა ამოცანა არის ამ შეხედულებების თავმოყრა ერთიან დოკუმენტში, სადაც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი შეხედულებები იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირს სურს ამ ხმების ერთიანობის ხილვა, ძლიერი პასუხი 12 რეკომენდაციაზე, რომელშიც ბევრი ხმა იქნება გაერთიანებული“, – აღნიშნა ელჩმა.