ირაკლი ქადაგიშვილი: საშემოდგომო სესიაზე მთავარი 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება
“საშემოდგომო სესიაზე მთავარი, სწორედ 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილმა პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით ევროკავშირის მოწოდება არ შეასრულა.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში პარლამენტში სამუშაო ჯგუფები მუშაობდნენ და 12-ვე რეკომენდაციის გარშემო მნიშვნელოვანწილად გარკვეული სამუშაო უკვე გაწეულია, ამიტომ, საშემოდგომო სესიაზე, გარდა მიმდინარე საკითხებისა, მთავარი სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება. ოპოზიცია ამ მუშაობაში ჩართული იყო, მაგრამ არის ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამ მუშაობაში არ ჩართულა. როგორც ვიცით, ისინი აპირებენ – თან ჩაერთონ, თან თავიანთი პროექტი წარმოადგინონ. ყოველ შემთხვევაში, მათ ის შესაძლებლობა, რაც ევროკავშირის პირდაპირი მოწოდება იყო, რომ ჩართულიყვნენ სამუშაო პროცესში, არ შეასრულეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.