მამუკა მდინარაძე: პარადოქსია, როცა СНГ-ს წევრი ქვეყანა კანდიდატის სტატუსით სარგებლობს, ხოლო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხით მოწინავე ქვეყანამ ჯერჯერობით ეს სტატუსი ვერ მიიღო
“საქართველო თავის მეგობარ ორ ქვეყანას – იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, რეფორმებით, დემოკრატიის ხარისხით ბევრად უსწრებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარადოქსია, რომ რეფორმების, დემოკრატიის ხარისხით მოწინავე ქვეყანამ ჯერჯერობით ეს სტატუსი ვერ მიიღო.
„მოხდა ასეთი პარადოქსი, უცნაური რამ, რომ СНГ-ს და რეალურად დსთ-ის წევრი ქვეყანა სარგებლობს დღეს კანდიდატის სტატუსით და რეფორმებში მოწინავე, დემოკრატიის ხარისხით მოწინავე ქვეყანა, რომლის მმართველმა გუნდმა რამდენიმე წლის წინ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპული კურსის ურყეობის შესახებ ჩაწერა, სტატუსი ჯერჯერობით ვერ მიიღო. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველამ იცის“, – აღნიშნავს მდინარაძე.