რუსი გენერალი: ერთი ნახტომი და თბილისამდე მივიდოდით, რა პრობლემაა
ჩემს ჯარებს თბილისის აღებაც შეეძლოთ, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია, – აღნიშნული განცხადება რუსმა გენერალმა, ანატოლი ხრულიოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
“თბილისში შესვლის დავალება ჩემთვის არავის მოუცია. გენშტაბის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ასე, ან ვინმეს ასეთი გამარჯვების შეეშინდა. თბილისამდე მივიდოდით, სულ რაღაც 70 კილომეტრი რჩებოდა. ერთი ნახტომი და იქ ვიქნებოდით, რა პრობლემაა”, – განაცხადა რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა.
“კომსომოლსკაია პრავდასთან” ინტერვიუში გენერალ-ლეიტენანტმა ანატოლი ხრულიოვმა ასევე აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს, ზუსტად ღამის 12 საათზე, მას გენერალმა კულახმეტოვმა შეატყობინა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაურეკა და უთხრა, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალოვან ოპერაციას იწყებდა.
ანატოლი ხრულიოვი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიას მეთაურობდა.