გია ცაგარეიშვილი: არ მგონია, რომ ვენეციის კომისია პოლიტიკურ სიბრტყეში უნდა შეიჭრას და ხელისუფლებას მიუთითოს, რომელი საკანონმდებლო აქტის მიღებაა სასარგებლო
“არ მგონია, რომ ვენეციის კომისია პოლიტიკურ სიბრტყეში უნდა შეიჭრას და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუთითოს, რომელი საკანონმდებლო აქტის მიღებაა სასარგებლო. ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტი, პირველ ყოვლისა, სამართალდამცავთა თხოვნით შემუშავდა იმისთვის, რომ ამ სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ადამიანთა ავი ზრახვები უფრო ადვილად გამოვლინდეს.
„ჩვენ ვენეციის კომისიისგან სამართლებრივ შეფასებებს ველოდებით ხოლმე. როდესაც პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზეა საუბარი, ნება გვიბოძეთ, რომ მათი დასკვნა შესაბამისად შევაფასოთ. ჩვენ მიერ მიღებული კანონი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას იოტისოდენადაც არ ლახავს. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, აქ დღის წესრიგში სხვა საკითხი დგება და დავა პოლიტიკურ სიბრტყეში გადადის.
კანონპროექტი პირველ რიგში, სამართალდამცავთა თხოვნით შემუშავდა იმისთვის, რომ ამ სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ადამიანთა ავი ზრახვები უფრო ადვილად გამოვლინდეს. ეს ერთგვარად პრევენციული ღონისძიებაც არის, რათა ყველამ იცოდეს, რომ როცა დანაშაული იგეგმება, როცა მისი განხორციელება და აღსრულება ხდება, შესაბამისი ზომებიც იქნება გატარებული. მნიშვნელოვანია შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას დაიცავს. ჩვენ, პირველ რიგში, აქედან ამოვდივართ, როცა ამგვარ კანონპროექტებზე ვმსჯელობთ”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.