პროექტი – Let’s GET LOST with WIZZAIR ქუთაისში დასრულდა

ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს – Let’s GET LOST with WIZZAIR – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“, 3 დღის განმავლობაში ქუთაისმა და იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა.

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან ქუთაისის აეროპორტში დაეშვა ისე, რომ მათთვის დანიშნულების ადგილი უცნობი იყო.

,,ძალიან გამორჩეული ტური გვქონდა, განსაკუთრებული. ნამდვილად არ ველოდით, რომ თვითმფრინავი საქართველოში დაეშვებოდა. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე – გავფრინდე ისეთ ადგილზე, რომელიც თვითმფრინავის დაშვებამდე უცნობია. საქართველო ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო, ეს არის ულამაზესი ბუნებით მდიდარი ქვეყანა. ადამიანები არიან ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე”, – ამბობს მუსტაფა მადგამელი, ბლოგერი დუბაიდან.

,,საქართველოში მანამდე ორჯერ ვიყავი. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და ყველაფერი მომწონს აქ. მანამდე თბილისსა და ბათუმში ვიყავი ნამყოფი. ახლა კი მოვინახულე ულამაზესი იმერეთი. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ძალიან ლამაზია ქალაქი ქუთაისი, მოვინახულეთ წყალტუბო“, – ამბობს დიზაინერი და ინფლუენსერი, ამარ ვაგასანი.

პროექტის მონაწილე 20 ქვეყნის 200-მდე ინფლუენსერმა და ბლოგერმა 3 დღის განმავლობაში მოინახულეს მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, წყალტუბო, კურორტ საირმეს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ვიზიტის ბოლო დღეს პრომეთეს მღვიმე მოინახულეს და სამეგრელოში, მარტვილის კანიონში გადაინაცვლეს.

,,საქართველოზე შემიძლია, შეუსვენებლად ვისაუბრო. პირველად ვიყავი საქართველოში და აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნით. ჩემთვის საქართველო ბუნებასთან ასოცირდება. მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო და საქართველოსნაირი ქვეყანა არსად მინახავს. ის ძალიან განსხვავდება სხვებისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ვიზეარს ამ გამოცდილებისთვის და ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი შესაძლებლობისთვის. კიდევ არაერთხელ ჩამოვალ თქვენს ქვეყანაში”, –  ამბობს მაჰმუდ ისაბა, ბლოგერი და ინფლუენსერი დუბაიდან.

პროექტის მონაწილეებმა საქართველოს ისევ ქუთაისის აეროპორტიდან სპეციალური ჩარტერით დატოვეს. აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით მათ გაფრენისას საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები