დავით ნარმანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა განუცხადა, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
“ძალიან მძიმე მოსაგონარია ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა – ბიჭების სისხლი დაიღვარა, იმ ადამიანების, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერთიანობა შეენარჩუნებინათ, მაგრამ ძალიან მძიმე და უფრო რთული არის ის, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა იყო ამის საფუძველი და საბაბი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული, გამოკვლეული და სათანადო პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ თვალსაზრისით დაგროვებული აქვს საზოგადოებას.
პირადად მე და ჩემი გუნდი თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ამოვედით, რათა პატივი მივაგოთ ამ ბიჭების სახელის ხსოვნას და იმ ოჯახის წევრებს მოვეფეროთ, ვინც საკუთარი შვილები დაკარგეს და ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა, პირველ რიგში, ის შვილები, რომლებიც ძვირფასი იყო ჩვენთვის”, – განაცხადა ნარმანიამ.