სანდრო თვალჭრელიძე: მთელ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება გადასხვაფერება, ამას კი, ალბათ, თაობების შეცვლა დასჭირდება

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენებით. თანდათან ვრწმუნდები, რომ ქართველ პოლიტიკოსებს – არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაში მყოფს თუ ოპოზიციონერს – წარმოდგენა არ აქვთ, რით ცხოვრობს ქართველი საზოგადოება, რა პრობლემები აქვს. ძირითადად, სისულელეების გამო კამათობენ”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან”ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პოლიტიკურ სისტემას გადასხვაფერება სჭირდება.

“ჩემი აზრით, დასავლეთმა ფსონი დადო რუსეთის, როგორც ფედერალური სახელმწიფოს დაშლაზე. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ გამოიფიტება, სულ ცოტა, კიდევ ერთ წელიწადს. წინ გველის კიდევ ომის არაერთი ფაზა, მათ შორის შემოდგომაზე მოსალოდნელია ვითარების უფრო გამწვავება. ჯერ კიდევ მარტის დამდეგს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, როგორც უნდა განვითარდეს საომარი მოქმედებები, უკრაინამ ეს ომი უკვე მოიგო-მეთქი… ახლაც ამ აზრზე ვარ. სამწუხაროდ, უკრაინას კვლავ მოუწევს დიდი მსხვერპლის გაღება, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის რუსეთის დამარცხება.დასავლეთის მოქმედების პრინციპი მარტივია, რუსეთი სოციალურ-ეკონომიკურად უნდა გამოიფიტოს, როგორც ეს რეიგანმა გააკეთა, თუმცა მაშინ ეს უომრად მოხერხდა.ხომ ხედავთ, მოსკოვს ფრონტზე როგორც ტექნოლოგიურად, ისე ცოცხალი ძალაც უჭირს, მაგრამ პუტინი მობილიზაციის გამოცხადებას ვერ ბედავს, რადგან ხვდება, რომ ეს შეიძლება სამოქალაქო ომის დასაწყისად იქცეს.

რუსეთში უკვე დაიწყო გარკვეული პროცესები. კრემლის ცნობილი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობა შემთხვევითი დანაშაული არ არის. მომხდარი დიდი ბურუსით არის მოცული. რუსეთი კი ძალიან ცდილობს ეს უკრაინას დააბრალოს, მაგრამ აშკარად არ არის ასე მარტივად საქმე. მოკლედ, რაღაც პროცესები რუსეთში უკვე დაიწყო და განვითარდება მით უფრო სწრაფად, რაც მეტად გაუჭირდება რუსეთს ეკონომიკურად. ფაქტობრივად, მალე კოლაფსია მოსალოდნელი. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჯერ ნორმალური ვითარებაა, მაგრამ პროვინციებში უკვე გაჩნდა პრობლემები, რაც სულ უფრო და უფრო მასშტაბური გახდება. დარწმუნებული ვარ პუტინის მიერ შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა განპირობებულია იმ ზარალით, რაც ამ ომში რუსეთმა ნახა. მას გაუწყდა გამოცდილი და პროფესიონალი სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვინ ჩაანაცვლებს მათ, ახალწვეულები, რომელთაც, ფაქტობრივად, არაფერი იციან? ეს საზარბაზნე ხორცია და ავტომატს რომ მისცემენ, ისიც საკითხავია, საით გაისვრიან…

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენებით. თანდათან ვრწმუნდები, რომ ქართველ პოლიტიკოსებს – არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში მყოფს თუ ოპოზიციონერს – წარმოდგენა არა აქვთ, რით ცხოვრობს ქართველი საზოგადოება, რა პრობლემები აქვს. ძირითადად, სისულელეების გამო კამათობენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ სხვაგან ვცხოვრობთ, ხელისუფლება და ოპოზიცია კიდევ – სხვაგან. ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ პოლიტიკური ელიტა ჩვენს ხარჯზე, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ცხოვრობს. ეს ხალხი ჩვენ დავიქირავეთ, ამიტომაც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდნენ. ამის სანაცვლოდ ვხედავთ, როგორ იწყობენ ცხოვრებას და ხელისუფლებაში მოსულებს წასვლა აღარ უნდათ. იმის ნაცვლად, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პოლიტიკური ელიტა ახერხებდეს საერთო ენის გამონახვას და საზოგადოების კონსოლიდირებას, ყველაფერს აკეთებენ, რომ დაშალონ და დააქუცმაცონ. ხალხი ამას ხედავს და სრული უნდობლობა უჩნდება პოლიტიკური ელიტის მიმართ. შედეგად, მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა. მაგათ მოსახლეობასთან შეხვედრა ასე წარმოუდგენიათ: ჩასვლა რეგიონში, მიტინგის გამართვა და 1-2 კაცისთვის ხელის ჩამორთმევა. ქართველ საზოგადოებას, მის სტრუქტურას, პრობლემებს, სულისკვეთებას სიღრმისეულად არავინ აქცევს ყურადღებას…

ფიქრობენ, რომ თუ მართლმსაჯულების ძირფესვიან რეფორმას გაატარებენ და საარჩევნო კანონმდებლობას შეცვლიან, მომდევნო არჩევნებში მათი გამარჯვება სათუო გახდება. ეტყობა ჰგონიათ, ამგვარი თამაშით ვინმეს შეაშინებენ და ამას თავიდან აიცილებენ. მინდა იცოდნენ, რომ ეს ყველა შემთხვევაში მოხდება, მარადიულად ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არასწორად იქცევიან. ვნახეთ, ამ “სამართლიანი არჩევნების” გამო როგორ შეფერხდა ის პროცესი, რაც 12 პუნქტის შესასრულებლად ვითომ წამოიწყეს, და ეს აწყობს ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ კრიტიკაზე კი არ უნდა გადადიოდნენ და პოლიტიკურ დღის წესრიგში ეწერებოდნენ, არამედ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებდნენ და სიღრმისეული დისკუსიის წამოწყებას ცდილობდნენ. როდესაც ხელისუფლების კრიტიკას იწყებენ, ხელისუფლების წევრები მაშინვე ჩამოჰკიდებენ ხოლმე იარლიყს, რომ ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები და ამით მთავრდება ყველაფერი.

მთელ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება გადასხვაფერება, ამას კი, ალბათ, თაობების შეცვლა დასჭირდება. სამწუხაროდ, განწირულები ვართ, რომ ასეთ პოლიტიკურ რეალობაში ვიცხოვროთ, როდესაც პოლიტიკური დებატები დადის ერთმანეთისთვის სულელის ძახილის დონეზე. ლანძღვა-გინების კორიანტელის მეტი არაფერი ისმის. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება შინაარსისგან არის დაცლილი. ჩვენი პოლიტიკოსები პრიმიტიული ადამიანები არიან და მათი აზროვნების სფერო, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ შეზღუდულია.

უმნიშვნელოვანესი პრობლემა თვითონ საზოგადოებაშია. სამწუხაროდ, ჩვენში კვლავაც ძალიან მოსწონთ, როდესაც ერთმანეთს აგინებენ და უპირისპირდებიან. ადვილად შეგვიძლია კონფლიქტების გაჩაღება და ერთმანეთის გამეტება. სულსწრაფობასთან ერთად, ეს ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც არასწორ სტრატეგიას ირჩევენ, როდესაც ეხმარებიან პარტიებს, რომელთაც მეტ-ნაკლებად რაღაც რეიტინგი აქვთ. მათ შეეძლოთ ხელი შეეწყოთ ახალი პოლიტიკოსებისა და ძალების გამოჩენისთვის, რათა 4-5 წელიწადში მნიშვნელოვანი ალტერნატივა გაჩენილიყო ქვეყანაში. იმათ, ვისაც დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ელიტაში, არა აქვთ არსებითი ცვლილების მოხდენის შნო”, – განაცხადა თვალჭრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები