ირაკლი ღარიბაშვილი ომში დაღუპული გმირების ოჯახებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობას უხდის. პრემიერი დაღუპულთა ოჯახებს ჰპირდება, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ გვერდით იქნება.
„მე ქედს ვიხრი ამ ომის მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე. პატივს მივაგებ ჩვენი გმირი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსათვის. მინდა მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს ასეთი მამულიშვილების აღზრდისათვის და დავარწმუნო, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ გვერდით იქნება. მჯერა, ჩვენი თავდადებული მეომრების სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა შეიარაღებულმა აგრესიამ შეიწირა ასეულობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე, დღეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უამრავი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
ირაკლი ღრიბაშვილის თმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში არაფერი დაემუქროს მშვიდობას, რასაც ალტერნატივა არ აქვს.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ დავძლიოთ ომის შედეგები და, აუნაზღაურებელი დანაკლისისა და, მოუშუშებელი ტკივილის მიუხედავად, მომავლისკენ ვიყურებით. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობას არაფერი დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას, რომელიც შეუქცევადია. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი უნდა გახდეს, და ამავე დროს, თანამიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. სწორედ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე და გამთლიანებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფო გახდება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ძმობის დაბრუნებას, თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.