“ჰააგა მოგვიწოდებს, აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში დეტალებს ჰააგა გამოიძიებს“

   ჰააგა ქართულ მხარეს პირდაპირ მოუწოდებს, რომ აგვისტოს ომის საქმე გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დეტალს ჰააგის სასამართლო გამოიძიებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძამათა სასაფლაოზე ყოფნისას განაცხადა, სადაც მან აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, აგვისტოს ომის ყველა დეტალი და ნიუანსი გამოძიებული იყოს.
“ის ინფორმაცია, რაც გუშინ თქვა თეა წულუკიანმა, დადასტურებულია. ჰააგიდან პირდაპირ მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს. ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა გამოძიების მასალების გასაჯაროება, ღარიბაშვილის განმარტებით, საჯარო გახდება ის ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოს შემცველი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება უნდა დაჩქარდეს, რათა ომის გამოძიება ჰააგის პროკურორს არ მოუწიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები