მიხეილ სააკაშვილი: სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე, ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს, რომ საქართველოში ჩამოსვლას დროის უკმარისობის გამო ვერ ახერხებს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში განაცხადა.
მისივე თქმით, იგი არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
“არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო იმას, რომ ჩემს ქვეყანაში ნადგურდება ის, რისი განადგურებაც 2008 წელს პუტინმა ვერ მოახერხა ტანკებით. ფაქტია, იგივე რაღაც ხდება, მაგრამ ნადგურდება ახლა ტანკების გარეშე. ამიტომ ამაზეც არავინ უნდა ელოდოს ჩემგან განსაკუთრებულ პასიურობას. დღეს ჩამოვედი აქ, ვხვდები პოლონეთის ლიდერებს. ამას წინათ ვიყავი უნგრეთში, შევხვდი უნგრეთის ლიდერს, აქედან მივდივარ უკრაინაში, იქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებ. ყოველი დღე გაწერილი მაქვს. საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობის, ტელევიზიებთან ბევრი საჯარო გამოსვლა მაქვს, ამ ჩემს გრაფიკში სად უნდა ჩავსვა საქართველოში ჩამოსვლა და “გაზპრომის” კერძო აქციონერის, ოლიგარქის აკვიატებების დაკმაყოფილება, რადგან პუტინმა ასე მოინდომა ან მისი ბოღმა ასე კარნახობს. სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე, ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვა. რა თქმა უნდა მე ამის დრო არ მაქვს”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.