ლოჯისტიკის სარდლობა გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული გახდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3×3 კალათბურთის ტურნირი ლოჯისტიკის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა.

უწყების ცნობით, ფინალურ მატჩებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

“გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა გუნდებმა კი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. ფინალური ეტაპი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა თავდაცვის ძალების დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობების 22-მა გუნდმა მიიღო. ტურნირის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები