„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებს მხარში დავუდგეთ“
სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებს ბოლომდე მხარში დავუდგეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოფნისას განაცხადა, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერის თქმით, აგვისტოს ომის შედეგებს დღესაც ვიმკით.
“რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ტრაგედია, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით. სამწუხაროდ, ის ჭრილობა, იარა ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული. მე ქედს ვიხრი ომში დაღუპული თითოეული გმირი ვაჟკაცის წინაშე. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ ოჯახებს ბოლომდე მხარში დავუდგეთ. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე შეფასებით, ომის თავიდან აცილება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო ვერ მოხერხდა.
„დღეს არ მსურს, ომის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრო. მე უკვე გავაკეთე განცხადება, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო ეს ვერ შევძელით და მივიღეთ დაკარგული ტრერიტორიები, ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული დევნილი, რომლებიც დღესაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ. ეს არის ის მძიმე შედეგი, რაც მივიღეთ. სწორედ ამ ომის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ფეხზე ვერ დადგა. მძიმე დარტყმა განიცადა ჩვენმა ეკონომიკამ. ეს იყო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა ჩვენი ჯარისთვის. დანარჩენზე აღარ მინდა ვისაუბრო. ის, რაც ვიხილეთ 2008 წელს, ეს იყო ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.