გივი მიქანაძე: დეგნანის განცხადება იმ პათოსში ჯდება, რასაც რადიკალური ოპოზიცია 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აჟღერებს
მმართველი გუნდის წევრის გივი მიქანაძის შეფასებით, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება იმ პათოსში და კონკრეტულ კონტექსტში ჯდება, რასაც ოპოზიცია 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აჟღერებს.
მისივე თქმით, ელჩის განცხადება გაკვირვებას იწვევს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კონკრეტული განცხადება აშშ-ის ელჩის მხრიდან აბსოლუტურად ჯდება იმ პათოსში და კონკრეტულ კონტექსტში, რასაც რადიკალური ოპოზიცია აჟღერებს 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ უშუალოდ იმ ორგანოს დასკვნა, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, სადაც წერია პირდაპირ, რომ ეს იყო ლეგიტიმური ძალის გამოყენება და რომ იყო უკანონო ის შტურმი, ის მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუციის შტურმით აღების, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ ელჩის განცხადება, მხოლოდ გაკვირვებას იწვევს და სამწუხაროა, რომ ეს განცხადება კონკრეტულად არის იმ პათოსში, რასაც ოპოზიცია აჟღერებს”, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, კელი დეგნანმა განაცხადა: “ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხედონ 3-4 წლის წინ და გაიხსენონ საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ეს ღრმა პოლარიზაცია შეამცირონ”.