შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო 9 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტში არაერთი ცვლილება განხორციელდა დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ფარგლებში, შესაძლებელი ხდება, სესხის თანხით დაფინანსდეს სათბურში განსათავსებელი კენკროვანი ნერგების და ქოთნების შეძენის ღირებულება თუ სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს კენკროვანი კულტურების სათბურის მოწყობა. პროექტის ქვეკომპონენტის „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ბენეფიციარებმა სესხის თანხა გამოიყენონ მრავალწლიან ბაღებში დამცავი ბადეების მოსაწყობად ან არსებულის სარემონტოდ; ასევე, შესაძლებელი ხდება სესხის თანხით დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა.
ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის, კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი, შეადგენს 11%. სახელმწიფო ფერმერს, 66 თვის განმავლობაში, დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი, 20,000 ლარიდან – 1,500,000 ლარამდეა. პროექტის კომპონენტში „შეღავათიანი აგროლიზინგი“ შესაძლებელი ხდება ლიზინგით, არასტაციონალურ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს 11%. სახელმწიფო ფერმერს 36 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით.
სესხის თანხა კი, 20,000 ლარიდან – 1,500,000 ლარამდეა. ამავე კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება, არასტაციონალურ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა. ძირითად საშუალებების კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს 11%. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი, 20,000 ლარიდან – 1,500,000 ლარამდეა.