გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტებს შორის რამდენიმე მარკირებულია როგორც „საიდუმლო“.
დეპარტამენტის ორდერში აღნიშნულია, რომ მათ ჰქონდათ სავარაუდო საფუძველი იმის შესახებ, რომ ტრამპმა დაარღვია ჯაშუშობის აქტი, ფედერალური კანონი, რომელიც კრძალავს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის ფლობას ან გადაცემას.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.