“ხალხის ძალა”: გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა

“გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ლიდერებიც პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.

“კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა. ისინი ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები