“ხალხის ძალა”: საელჩომ ზუსტად იცის, რომ ივანიშვილი თავის გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს
“საელჩომ ზუსტად იცის, რომ ივანიშვილი თავის გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ლიდერებიც პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რომ ასე არ იყოს, საელჩოს ე.წ. არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება ექნებოდა.
“ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოში გავლენიანი ფიგურაა, ეს სრულიად საქართველომ ელჩის უთქმელადაც იცის. მან ეს გავლენა თავისი ცხოვრების წესითა და ქვეყნისა და ხალხისთვის გაკეთებული მრავალი საქმით შექმნა, რითაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. საელჩომ ზუსტად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის რესურსს ხალხს სიყვარულით ახმარს და გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რომ ასე არ იყოს, საელჩოს ე.წ. არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება ექნებოდა.
ბიძინა ივანიშვილს მართვა რომ ნდომოდა, ვერც პოლიტიკიდან გასვლას აიძულებდა და ვერც პოლიტიკაში დაბრუნებას დაუშლიდა ვინმე. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში ხალხისთვის, გაუსაძლისთან ერთად, სრულიად უპერსპექტივო ვითარება შეიქმნა, 2018 წელს კი, პოლიტიკაში მაშინ შემობრუნდა, როდესაც მმართველი გუნდი შიგნიდან მოიშალა, რამაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სერიოზული რისკები შეუქმნა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის და შესაბამისად, საელჩოს მიერ კოორდინირებული ოპოზიციის მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი მყარად უძღვება ქვეყნის მართვის საქმეს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი ინტერესი არა აქვს. ასეთ ვითარებაში, საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენის რეგულარულ შეხსენებას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საელჩოს აშკარად ის ანერვიულებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს”,- ნათქვამია განცხადებაში.