“ხალხის ძალა”: უსამშობლო “ნაციონალები” საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ
“უსამშობლო “ნაციონალები” საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ლიდერებიც პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული.
“გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის.
„ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა. შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ, უსამშობლო ნაციონალები კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას”,- ნათქვამია განცხადებაში.