“ევროკავშირი, შეერთებული შტატები და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების მუშაობის ჩაშლას ცდილობენ” – კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების ფორმატის ჩაშლას ცდილობენ.
ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.
„რეგიონში ძირითადი შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას და სტაბილურობას, იყო 2008 წელს შექმნილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც სოხუმის, ცხინვალის, თბილისის, ასევე რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები გაერო-ს, ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით მონაწილეობენ“, – წერს კარასინი.
მისი თქმით, „დატვირთული დიალოგისა და მწვავე დისკუსიების“ სულ 55 რაუნდი გაიმართა.
მან ჟენევის დისკუსიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში “უსაფრთხოების ქსელი” უწოდა.
„ბოლო თვეებში, შემაშფოთებელია ევროკავშირის, შეერთებული შტატების და თავად შვეიცარიის აშკარა მცდელობა, ჩაშალონ ჟენევის დისკუსიების მუშაობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების საბაბით. ბოლო შეხვედრები 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. ეს არის უკიდურესად საშიში, რადგან ამან, შესაძლოა მიზანმიმართული პროვოკაცია გამოიწვიოს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აგრესიის მორიგი თარიღის გახსენებით, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი რამ მომავალში“, – აღნიშნა სენატორმა.