მოსალოდნელია თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამეორება – რას ფიქრობენ ე.წ.სამხრეთ ოსეთში

“2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამეორება შესაძლებელია, რადგან ჟენევის მრავალწლიანმა პროცესმა საქართველოს მხრიდან თავდაუსხმელობის შეთანხმების ხელმოწერა არ გამოიწვია”,- ამბობს Рес-თან საუბარში პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის და სოციოლოგიის კათედრის გამგე, ინალ სანაკოევი.

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოსთან ომის რეჟიმში ყოფნას ვაგრძელებთ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი კვლავ რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რეგიონში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საქართველოს ახალი აგრესიის პოტენციურ რისკებს და საფრთხეებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა სანაკოევმა.

მისი თქმით, საომარი მდგომარეობა ავტომატურად ავალდებულებს “ჩვენი რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას ყველა არსებული საშუალებით და მეთოდით”. ამავე დროს, მან დასძინა, რომ “ჩვენ ასევე ღია უნდა ვიყოთ გარე სამყაროსთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის, რადგან ზოგჯერ ეფექტური დიპლომატია ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე სამხედრო ქმედება”.

მედია-ცენტრ “ირ”-ის ხელმძღვანელის, ირინა გაგლოევას აზრით, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარების შემთხვევაში, “საქართველო სამხრეთ ოსეთის გასანადგურებლად ზომებს კვლავ მიიღებს”.

“მაშინ ომი შეაჩერეს. მაგრამ აქ ყველას ესმის, რომ ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარების შემთხვევაში, საქართველო კვლავ მიიღებს ზომებს სამხრეთ ოსეთის განადგურების მიზნით. ამას მოწმობს ფაქტები და, რაც მთავარია, საქართველოს არ სურს აღიაროს სამხრეთ ოსეთის უფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი“, – აღნიშნა გაგლოევამ.

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვადიმ სიუკაევი ამბობს, რომ ამჟამად “სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი და საომარი მოქმედებების განახლება ნაკლებად სავარაუდოა”.

„სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავ მძიმეა. ჩვენ ვხედავთ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაიძაბა, ჩვენი სამხრეთელი მეზობელი საქართველოს ე.წ „ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენის იმედს არ ტოვებს. თუმცა დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის და საქართველოს მშვიდობისკენ იძულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ, მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აღიარეს“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, წლების განმავლობაში “რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აქტიურად ვითარდებოდა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში”.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ პერიოდისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი და საომარი მოქმედებების განახლება, ნაკლებად სავარაუდოა“, – დაასკვნა მან.

“ამჟამად საქართველო უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის გარშემო ვითარების განვითარებას აკვირდება”, – მიიჩნევს Рес-ის ექსპერტი, ინალ პლიევი.

„სანამ მოვლენები რუსეთისთვის ხელსაყრელად ვითარდება, საქართველო მკვეთრი ნაბიჯებისგან თავს შეიკავებს. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ დაპირისპირება, აშკარა (სამხედრო) სფეროდან ფარულ ბრძოლაზე გადავიდა. ჩვენ თვითონ უნდა ვუპასუხოთ კითხვას, “გაწმენდილია” თუ არა ჩვენი რიგები იმ ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული? ხომ არ აქვთ ოს პატრიოტებს მიზეზი ეშინოდეთ იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოსთან გარკვეული სერვისებითა და ვალდებულებებით არიან დაკავშირებული?” – ამბობს პლიევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები