ცხინვალის მკვიდრი “ქართულ სპეცსამსახურებთან” თანამშრომლობაშია ბრალდებული
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ცხინვალში მცხოვრებ ქალს “საქართველოს სპეცსამსახურებთან” თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ ქალი “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების” დავალებით აგროვებდა და გადასცემდა მათ ინფორმაციას ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების შესახებ.
“სამხრეთ ოსეთის მოქალაქის თანამშრომლობაზე დათანხმება საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის დროს მოხდა. ქართული მხარისთვის გადაცემული მასალები არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და რესპუბლიკის უსაფრთხოებას ზიანს არ აყენებს”, – აცხადებენ ე.წ. სუკ-ში.
3 აგვისტოს ქალს ოფიციალური გაფრთხილება “გადაეცა იმ ქმედებების დაუშვებლობის შესახებ, რომლებიც დანაშაულის ჩადენისთვის ისეთ პირობებს ქმნიან, რომლებიც “სახელმწიფო ღალატის” მუხლით არის გათვალისწინებული”.
ამასთან, ე.წ. უწყება ქალის შესახებ ინფორმაცის არ ავრცელებს, არც იმას აზუსტებს, რა სახის ინფორმაციის გადაცემაზეა საუბარი.