„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
G7-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, არ შეცვალოს სტატუს-კვო და ტაივანის სრუტეში არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბოლოდროინდელი და გამოცხადებული მუქარით, რაც არასაჭირო ესკალაციის რისკს იწვევს. ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედების საბაბად ვიზიტის გამოყენებას გამართლება არ აქვს. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ჩვეულებრივი და რუტინული პროცესია. ჩინეთის ესკალაციური პასუხი დაძაბულობის გაზრდისა და რეგიონის დესტაბილიზაციის რისკს იწვევს.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ძალისმიერი გზით, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო რეგიონში და სრუტის ორივე მხარეს არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენს საერთო და მტკიცე ვალდებულებას, ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ გამჭვირვალედ და შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.