ტაივანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე ჩინეთის გეგმები ტაივანის სუვერენიტეტს არღვევს

ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ქვეყანაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე ჩინეთის გეგმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ტაივანის სუვერენიტეტს არღვევს.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ჩინეთის აღნიშნული ნაბიჯი ტაივანის პორტებისა და ქალაქებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მას სამხედრო დაშინების მცდელობას უწოდებენ.

„კომუნისტური ჩინეთის უგუნური საქციელი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საავიაციო მარშრუტებს, გამოწვევას უქმნის საერთაშორისო წესრიგს, აზიანებს სტატუს-კვოს ტაივანის სრუტეში და ანადგურებს რეგიონულ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ტაივანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ქვეყნის თავდაცვის უწყების კიდევ ერთი წარმომადგენლის მტკიცებით, აღნიშნული სამხედრო წვრთნები გაეროს წესებს ეწინააღმდეგება.

„ეროვნულ არმიას გადაწყვეტილი აქვს, დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ამ პასუხისმგებლობისთვის საჭირო ნდობა და უნარი გააჩნია“, – აცხადებენ ტაივანის თავდაცვის უწყებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ, ტაივანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ამასთან, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ტაივანში საბრძოლო წვრთნების დაწყებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები