მამუკა მდინარაძე: ფაქტი ერთია, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია, რასაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე მისი ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს.

„ნამდვილად არ ვიცი, რამდენად გულწრფელია მიხეილ სააკაშვილი და წავიდა თუ არა ის პოლიტიკიდან. ამას მე ვერ განვსჯი და არც არის ჩემი საქმე. მისი მხარდამჭერი გაცილებით მეტია „ნაცმოძრაობაში“, ვიდრე სხვა დანარჩენი. ალბათ, ამანაც გამოიწვია შიდა დაპირისპირება და ეს დიდი ხანია, ხდება, უბრალოდ – ახლა გამოვიდა გარეთ, ვეღარ დამალეს. ვაღიაროთ ერთი რამ, მხარდამჭერების დარჩენილ მცირე რაოდენობაში დიდი ნაწილი მაინც სააკაშვილის მხარდამჭერებია. ეს იციან პარტიის წევრებმაც და დაპირისპირების დროს ამას უფრთხილდებიან. ფაქტი ერთია, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები