ალექსანდრე გოგინავა: რისკები, რომ კიდევ გაუარესდეს ეპიდვითარება – არის, მაგრამ ახალი ტალღა მძიმე არ იქნება
რისკები იმისა, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს, განსაკუთრებით – შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ახალი ტალღა არ იქნება წინამორბედების მსგავსად მძიმე, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ეპიდვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შტამს, რომელიც ახლა დომინირებს, მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს.
„არის ზღვის სეზონი, რაც ნიშნავს მობილობის გაზრდას, ამიტომ, მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვას. რისკები იმისა, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს, განსაკუთრებით – შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ახალი ტალღა არ იქნება წინამორბედების მსგავსად მძიმე იმიტომ, რომ, ზოგადად, ამ შტამს იშვიათად ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ასევე, გვაქვს ჩვენ ბერკეტი – ვაქცინაცია, რომელიც უფრო აქტიურად უნდა წარვმართოთ. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რისკჯგუფების ვაქცინაცია“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება. ყოველკვირეულმა დადებითობის მაჩვენებელმა 11 000-ს გადააჭარბა, რაც ზაფხულის პერიოდში ქვეყნის შიდა და გარე მობილობის ზრდასთან არის დაკავშირებული.