„ომის სიჩუმე“ – ნიდერლანდების სამეფოში, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენა გაიმართება

„დღეს დედამიწაზე 28 ომი და შეიარაღებული კონფლიქტია* და მათ შედეგად 100 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია საკუთარი სახლიდან. დედამიწა ჩვენი ერთადერთი და საერთო სახლია, ერთადერთი უნიკალური ცოცხალი და ხმაურიანი ცისფერი წერტილი მზის სისტემაშიც და სამყაროშიც.
ჩვენს მეზობლად არავინაა… ჩვენ მარტონი ვართ… სამყაროში სიჩუმეა… სიჩუმეა დედამიწის ნაომარ ადგილებშიც… ესაა ომებით გამოწვეული სიჩუმე! იძულებითი სიჩუმე“!

6 – 30 აგვისტოს ფონდი „ევროარტი“,  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქალაქ ლეიდენში (ნიდერლანდების სამეფო) მართავს ფრანგი ფოტოხელოვანის ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენას – „ომის სიჩუმე”,
როგორც „კვირას“ ფონდ „ევროარტის“ ხელმძღვანელმა დალი უბილავა – დე გრააფმა აცნობა, საგამოფენო ექსპონატები პირველად გამოფენილი იყო საქართველოში, ეროვნულ მუზეუმში და ასახავს სახელმწიფოებს შორის ომების, ტერორიზმის, ეთნოკონფლიქტების შედეგად დედამიწაზე დასადგურებულ სიცარიელეს, სიჩუმეს, მარტოობას, ნოსტალგიას.
„ფოტოგამოფენა იქნება ერთგვარი ექო 30 წლის წინანდელი საქართველოს მიერ გადატანილი უმძიმესი პოლიტიკური პროცესებისა და, იმავდროულად, სოლიდარობა უკრაინისა და ევროპის ამჟამინდელი უდიდესი პრობლემისა, რუსეთ-უკრაინის ომისა.
პროექტის მიზანია, ევროპაში, კონკრეტულად ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში გავმართოთ კულტურული მანიფესტაცია, საქართველოსადმი და, ამავდროულად, უკრაინისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რათა, ერთი მხრივ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველო და მისი პრობლემატიკა წინ წამოვწიოთ, მეორე მხრივ, ამ ღონისძიებით გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი. ეს იქნება მრავალმხრივი საინტერესო აქცენტებით დატვირთული ქართული ღონისძიება შუაგულ ევროპაში, თავად ევროპელი, უმაღლესი რანგის პროფესიონალის, ორელიენ ვილეტის მეშვეობით და მისი თვალით
დანახული და აწ უკვე ჩვენი ფონდის მიერ უკრაინის მოვლენების ფონზე აქცენტირებული საქართველო/აფხაზეთი. ეს იქნება ჩვენი მოკრძალებული წვლილი და სოლიდარობა ევროპაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.
პროექტის კიდევ ერთი მიზანია, სხვა კუთხით დაანახვოს პუბლიკას დღევანდელი მსოფლიოს ურთულესი პრობლემა – ომი უკრაინაში – როგორც ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს მიერ ორჯერ (1993, 2008) გადატანილი უბედურება და ამ 30-წლიანი გზის და გამოცდილების მეშვეობით მოხდეს ამ პრობლემის განზოგადება. რა თქმა უნდა, ზოგადად ომების და კონფლიქტების შეწყვეტის და სხვა გლობალურ გამოწვევების გარშემო გაერთიანების მესიჯებით.
ღრმად გვჯერა, რომ გამოფენის ექსპონატები პუბლიკას განაწყობს ღრმად დაფიქრებისთვის, ჩვენს ისედაც მოკლე ცხოვრებაში გაკეთებულ პრიორიტეტებზე, ფასეულობებზე – ჩვენ, ყველანი, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა, განსხვავებული კულტურისა და შეხედულებებისა, სამყაროს ყველაზე ნათელი და ხმაურიანი წერტილის, პლანეტა დედამიწის ბინადრები ვართ. სამყაროში სხვა, უდიდესი გამოწვევებია და ამიტომ ჩვენს საერთო სახლსაც და ერთმანეთსაც უნდა გავუფრთხილდეთ, სხვანაირად ვერ გადავრჩებით“! – განაცხადა დალი უბილავა – დე გრააფმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები